საქაერონავიგაცია ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3600-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საავიაციო ინფრასტრუქტურული ინიციატივაა. 2026 წლის ბოლოდან აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საავიაციო შესაძლებლობებს.
პროექტის ფარგლებში შპს „საქაერონავიგაცია“ ახორციელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სანავიგაციო და შუქ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას. სამუშაოები მოიცავს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების შუქ-ტექნიკური სისტემების განახლებას, ახალი ინსტრუმენტული დაფრენის სისტემის (ILS) მონტაჟს, თანამედროვე მეტეოროლოგიური სადგურების მოწყობასა და სააერნაოსნო მონაცემების განახლებას. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ექსპლუატაციისთვის საჭირო საფრენოსნო პროცედურების მომზადება და ვალიდაცია. ახალი სისტემების ექსპლუატაციისა და განახლებული საფრენოსნო პროცედურების დანერგვისთვის ასევე დაგეგმილია საჰაერო მოძრაობის მართვისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის გადამზადება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აეროპორტი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო ინფრასტრუქტურით, რომელიც ფრენების უსაფრთხო, უწყვეტ და ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
„ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ვინაიდან პირველად შენდება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი - 3600 მეტრი. „საქაერონავიგაცია“ უზრუნველყოფს აეროპორტის სანავიგაციო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ულტრათანამედროვე სისტემებით, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება როგორც ICAO-ს სტანდარტებთან, ისე ევროკავშირის ნორმებთან. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აფრენისა და დაფრენის ახალი სტანდარტული პროცედურები, რომელთა ვალიდაციაც სპეციალური თვითმფრინავი-ლაბორატორიით განხორციელდა“, - განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ.